არჩევნები 2020

გახარია ენმ-ის აქციაზე: უპასუხისმგებლობა და უკიდურესი მავნებლობაა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამართულ აქციას გამოეხმაურა და უკიდურესი მავნებლობა უწოდა. 

"ჩვენი პასუხისმგებლობა, მარტო ხელისუფლების და მთავრობის, ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მათ შორის, მსგავსი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. 

ეს ხომ არ არის რაღაც დიდი მოთხოვნა, ეს არის ელემენტარული მოთხოვნა, რომ 1 500 აქციის მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ან, ელემენტარულად, სთხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია, მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელებით. ეს, უბრალოდ, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, მავნებლობაა საბოლოო ჯამში". – ამბობს გახარია. 

16 ოქტომბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა და აჭარის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. აქციაზე დაცული არ იყო სოციალური დისტანცირება და დამსწრეთა უმეტესობას პირბადე არ ეკეთა.

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები