იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უზენაესის თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩიეს

პარლამენტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს. პარალელურად ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეცაა. მოსამართლე საბჭოში ამ თანამდებობას 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. 

როგორც უზენაესი სასამართლო იუწყება, თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევას საბჭოს 15-დან 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. სავარაუდოა, რომ იმ ორი წევრიდან, რომელმაც ნინო ქადაგიძეს მხარი არ დაუჭირა, ერთ-ერთი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილია, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, რომ თავმჯდომარე წინასწარ არის შეთანხმებული და კენჭისყრა მხოლოდ ფარსია. სწორედ ნაზი ჯანეზაშვილმა მოუწოდა ნინო ქადაგიძეს ამ წლის ივნისში, დასწრებოდა საბჭოს სხდომებს. როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრი მაშინ განმარტავდა, ნინო ქადაგიძე სხდომებს უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის შერჩევის პროცესშიც არ დასწრებია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგაა, რაც 2018 წლის აგვისტოში მოსამართლე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა

ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობებს საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა. საერთო სასამართლოების მიერ ახალი კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე, 30 სექტემბერს მიიღო, საბჭოს თავმჯდომარე მხოლოდ საბჭოს წევრებიდან შეიძლება აირჩეს. 

ქართული ოცნების უმრავლესობამ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 17 მარტს აირჩია

ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლიდან, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უვადოდ დანიშნა. დანიშვნას წინ უძღოდა შერჩევის პროცესი, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ. შერჩევის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა მწვავედ გააკრიტიკა.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რასაც პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები