კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ლოკალური შეზღუდვები საკმაოდ კარგად მუშაობს

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოში "ლოკალური შეზღუდვები" კარგად მუშაობს და, შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ჯერჯერობით, ასე აპირებს გაგრძელებას. 

"ჩვენ კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, ვინაიდან საკმაოდ კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე, სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. 

თუმცა, რა თქმა უნდა, მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას". – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში აღირიცხა, 189 - აჭარაში, 150 კი იმერეთში. გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 391. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები