ბელარუსი

ტიხანოვსკაიამ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა, ის 25 ოქტომბრამდე უნდა გადადგეს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
EPA

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

​"პოლიტიკური კრიზისის, უკანონობის და ძალადობის ორი თვე გავიდა. საკმარისია. 25 ოქტომბერს ჩვენ ვაცხადებთ სახალხო ულტიმატუმს. რეჟიმს აქვს 13 დღე, რომ შეასრულოს სამი აუცილებელი მოთხოვნა.

ლუკაშენკომ უნდა გამოაცხადოს გადადგომის შესახებ, ძალადობა ქუჩებში უნდა შეწყდეს სრულიად, ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

თუ ჩვენი მოთხოვნები 25 ოქტომბრამდე არ შესრულდება, მთელი ქვეყანა მშვიდობიანად გამოვა ქუჩებში სახალხო ულტიმატუმით. 26 ოქტომბრიდან დაიწყება ეროვნული გაფიცვა ყველა დაწესებულებაში, ჩაიკეტება ყველა გზა, სახელმწიფო მაღაზიებში შეჩერდება ვაჭრობა. თქვენ გაქვთ 13 დღე მოთხოვნების შესასრულებლად. ჩვენ გვაქვს 13 დღე მოსამზადებლად და მთელი ეს დრო ბელარუსები გააგრძელებენ მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს". – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ტიხანოვსკაიამ ასევე შეხვედრები გამართა ქარხნებში პროტესტის და გაფიცვების ორგანიზატორებთან. შეხვედრაზე განხილული ძირითადი საკითხები საყოველთაო გაფიცვის მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარებას შეეხო. გაფიცვების ორგანიზატორებმა ოპოზიციას გააცნეს, თუ რა დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროებოდათ ქარხნების და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც იფიცებოდნენ და ზოგიერთი მათგანი ამის გამო სამუშაო ადგილს კარგავდა.

მომდევნო დღეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსის ქარხნებისა და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართა. ტიხანოვსკაიამ მათ მადლობა გადაუხადა რეჟიმთან წინააღმდეგობის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის. ტიხანოვსკაიამ ქარხნებში გაფიცვის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა დარტყმას აყენებს ქარხნებში სამუშაო პროცესის შეფერხება რეჟიმს.

"თქვენს ბრძოლას სჭირდება უდიდესი სიმამაცე და ვიცი, რომ ეს რთულია. მაგრამ ის რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველდღიურად გვაახლოებს გამარჯვებასთან. გაერთიანდით. იმოქმედეთ. გამოდით სამთავრობო პროფკავშირებიდან და შექმენით თქვენი საკუთარი, დამოუკიდებელი. თუ თქვენ ჩამოგართმევენ პრემიებს და გაგათავისუფლებენ სამსახურიდან მიმართეთ ფონდებს". – ამბობს ტიხანოვსკაია.

თავის მიმართვაში ტიხანოვსკაიამ ისაუბრა იმ ფონდებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც მზად იყვნენ დახმარებოდნენ ქარხნებისა და სხვა დაწესებულებების თანამშრომლებს.

კვირას და ორშაბათს გამართულ აქციებზე, "მშვიდობის მარშზე" და "პენსიონერების მარშზე" 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციამ აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები