კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ინფიცირებულების მატება აუცილებლად საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იმატა, ეს კლინიკებში საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს. 

ტიკარაძის განმარტებით, ამ დროისთვის 3500-მდე საწოლია მობილიზებული, მკურნალობას კი 2200-მდე პაციენტი გადის. 

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ პაციენტები ინფიცირდებიან, მაგრამ აუცილებლად ჯანმრთელდებიან და მხოლოდ აჭარაში, ჩვენ, გუშინ გვყავდა 207 გამოჯანმრთელებული. ამას ეწოდება ჯანდაცვაში საწოლბრუნვა და აქედან გამომდინარე, ინფიცირებულების მატება აუცილებლად საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს. 

ჩვენ გვაქვს მობილიზებული 3500-მდე საწოლი ამ ეტაპისთვის და 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. რა თქმა უნდა, ასევე არიან პაციენტები, რომლებიც ელოდებიან კოვიდის პასუხს ან ექიმის დამატებით ჩარევას, რათა გადაყვანილები იყვნენ სხვა პროფილის საავადმყოფოებში". – თქვა ტიკარაძემ. 

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 391 ადამიანი. გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 297 თბილისში აღირიცხა, 189 - აჭარაში, 150 კი იმერეთში.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები