არჩევნები 2020

კახიანი: ქართული ოცნების დეპუტატს ლელოს აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატ სავალან მირზოევს პარტია ლელოს აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. კახიანის თქმით, ლელოს აქტივისტის მიერ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სავალან მირზოევს შეურაცხყოფას აყენებენ  და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის,  სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ მოქალაქე რაშად მუსაევის მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია ლელოს აქტივისტი, პირად გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც იგი ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან". – თქვა კახიანმა

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები