ბელარუსი

რუსეთმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

რუსეთმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სახელმწიფოთაშორის ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პოლიციის მონაცემთა ბაზაში იძებნება, თუმცა მითითებული არ არის რა მუხლის საფუძველზე.

რუსული მედიის მიხედვით, ტიხანოვსკაიას ძებნილთა სიაში დამატება ავტომატურად მოხდა მას შემდეგ, რაც ის მსგავს სიაში ბელარუსმა შეიყვანა. ბელარუსში მის წინააღმდეგ საქმე ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით არის აღძრული. ამავე ბრალდებით უკვე დააკავეს ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს თითქმის ყველა წევრი.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და თავს ლიტვას აფარებს, თუმცა უკანასკენლ დღეებში ის გერმანიაში იმყოფებოდა და კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. გერმანიაში იმყოფება საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩიც

ასევე ავტომატურად ამოქმედდა რუსეთში ევროკავშირისათვის დაწესებული ის სანქციები, რაც ბელარუსმა შემოიღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარეს და ლუკაშენკოს მთავრობას სანქციები დაუწესეს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

კომენტარები