კორონავირუსი საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს 51 წლის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

armenpress.am

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მათივე ცნობით,  მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

"გარდაცვლილის ცხედარი Covid-19-ის რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს". – წერია უწყების განცხადებაში. 

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი, გარდაიცვალა - 5. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები