ევროკავშირი

EU: სამწუხაროა მოსამართლეების შერჩევის წესის ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე დამტკიცება

bundeskanzlerin.de

ევროკავშირი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესის მიღებას და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ახალი კანონის მიღებისას არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც თავად მოითხოვა. 

"ევროკავშირმა და სხვა საკვანძო დამკვირვებლებმა არაერთგზის გამოხატეს თავიანთი წუხილები მოსამართლეების შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებზე. 

სამწუხაროა, რომ პარლამენტი ამ კანონის მიღებამდე არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც თავად მოითხოვა და რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს. ეს გაშვებული შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ამ პროცესში უფრო დიდი საჯარო ნდობა შექმნილიყო. 

ევროკავშირი შეაფასებს ამ კანონსა და მის გავლენას და მხედველობაში მიიღებს ვენეციის კომისიის მომავალ დასკვნასაც. ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველო მომავალშიც განიხილავს შერჩევის წესებს ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით. 

მართლმსაჯულებაში ეთიკისა და პატიოსნების უმაღლესი სტანდარტების დაცვა საკვანძოა საქართველოს სანდოობისათვის საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ისევე, როგორც ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის". – წერია განცხადებაში. 

ეს განცხადება Twitter-ზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანმა სპიკერმა, პეტერ სტანომ გააზიარა. 

30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის ახალი წესი დაამტკიცა.

კომენტარები