თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სკოლის დირექტორმა, თამარ ამზაშვილმა დაუდასტურა.
დირექტორის ცნობით, მოსწავლის ინფიცირების შესახებ გუშინ, გვიან ღამით შეიტყვეს. როგორც მან ტაბულასთან საუბარში განმარტა, დილიდან სკოლამ საკუთარი ძალებით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სკოლის შენობის დაცლის შემდეგ კი ეპიდემიოლოგებს ელიან.
თამარ ამზაშვილის თქმით, ინფიცირებული პირველკლასელის კონტაქტი სხვა ბავშვებთან მინიმალური იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად მთლიანი კლასი თვითიზოლაციაშია გადასული და სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა - 4. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





