ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: 348 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი, 209 გამოჯანმრთელებული

AFP - Getty Images

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ბოლო 24 საათში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი გარდაცვლილი 68 წლის კაცია, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდ ინფექცია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, აღენიშნებოდა პნევმონია.

გარდაცვლილი მეორე პაციენტი 64 წლის ქალია, რომელსაც თანმხლებ დაავადებებთან ერთად [ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი. ჭარბწონიანი.] კორონავირუსი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

მესამე გარდაცვლილი კი 84 წლის კაცია, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი. მისი დიაგნოზიც COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა იყო.

გასულ დღე ღამეში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 209 პირი.

აჭარაში, ამ დროისთვის, Covid კლინიკებში 470 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 19 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში 24 პაციენტია მოთავსებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 58-ია. Covid სასტუმროებში 943 პირი რჩება, მათგან არასრულწლოვანია 92.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

"აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე". – ამბობენ სამინისტროში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები