ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას წინასაარჩევნო გარემოზე და რამდენიმე დღის წინ მომხდარ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრა. მეუფე იაკობის თქმით, "ცემა-ტყეპა დაუშვებელია და აუცილებელია შერიგება".
სასულიერო პირმა, ასევე, ისაუბრა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე.
"8 წელი გავიდა და კიდე ვიძახოთ ნაცები, ნაცები, ერთი პარტია ხო არ გახდა. აბა, შეხედეთ, რამდენ პარტიად იქცა, გაღვივდა ეხლა და კარგად, ჯეჯილივით ამოვიდა. არის თვითონ ნაციონალური მოძრაობაც. მე კიდე ერთხელ ვიძახი, რომ თუ არ შევრიგდით, ხსნა არაფერში არ იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს არავინ არ არის საქართველოში, რომ რამე გააკეთოს, თუ ერთობა არ იქნება, თუ ღმერთი არ დაგვეხმარა, ერში არ არის ასეთი პიროვნება". – ამბობს მეუფე იაკობი.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა ევროპულ საქართველოზე და გირჩზეც ისაუბრა და ამ უკანასკნელს "დეზერტირების პარტია" უწოდა.
"არის ევროპული საქართველო, იმასაც აქვს იდეა, ევროპულ საქართველოსაც თავისი იდეა აქვს. კიდევ ერთი გამოეყო, დეზერტირების პარტია. ასე ვთქვათ, გირჩზე ვიძახი. როგორ შეიძლება, როდესაც ხელისუფლება ხარ ასეთი რამ დაუშვა - ეს დეზერტირები არჩევნებზე გამოიყვანო. სამშობლოსთვის ბრძოლა არ უნდათ, იმიტომ ეწერებიან და გახდნენ მღვდელმსახურები. ვისაც თავის არიდება უნდა ჯარიდან და არ უნდა ცივი ნიავი მიეკაროს, პლუს ნარკოტიკი და მთავრობაც აიყოლიეს და ლამის ნარკოპლანტაციები გაგვიშენეს აქ."
მეუფე იაკობის თქმით, ამგვარი პარტიების გამრავლებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
"8 წლის მერე კიდე რამდენი იქნებიან ხო და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, რომ ასე გამრავლდნენ, მე ვარ?! და როცა ამრავლებ მიდიხარ და ერთმანეთს ცემთ, რახან მრავლდებით და მომლაპარაკებლები ხართ, ან შერიგდით, ან რაღაც ქენით ისე, რომ საქართველოს ეშველოს."
მეუფე იაკობის თქმით, დაუშვებელია, "დეზერტირები მონაწილეობდნენ არჩევნებში". მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას უშიშროება-"სახელმწიფო რო ხარ, სახელმწიფოს უშიშროებას რატომ არ იცავ?"
მეუფე იაკობის თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგაც ქვეყანა ნელი ტემპებით გააგრძელებს განვითარებას. "არჩევნებიც ჩაივლის და ეხლა მხსნელი არავინ არ არის, როგორც ვითარდებოდით ისე ნელ ტემპებში წავა ყველაფერი."