ნავალნის მოწამვლა

გერმანია ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთს ნავალნის საქმის გამო სანქციები დაუწესოს - Reuters

Ahvan

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, ევროკავშრს მოუწოდებს, საერთაშორისოდ აკრძალული ნერვული აგენტით ნავალნის მოწამვლის საქმის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

გერმანიამ, საფრანგეთმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა კრემლს ახსნა მოსთხოვეს, თუ რა დაემართა ნავალნის. რუსეთმა კი განაცხადა, რომ ვერ ნახეს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ნავალნი მოწამლეს და უარყოფს მასზე თავდასხმაში მონაწილობას. 

მაასმა აღნიშნა, რომ "სანქციები ყოველთვის უნდა იყოს მიზნობრივი და პროპორციული. თუმცა ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონვენციის ასეთი უხეში დარღვევა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამაზე ჩვენ ევროპასთან ერთიანები ვართ". 

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯებს ან სანქციების შესაძლო დაწესებას ევროკავშირის შემდეგ სამიტზე განიხილავენ 15 და 16 ოქტომბერს. 

"თუ გერმანული, შვედური და ფრანგული ლაბორატორიების პასუხები დადასტურდება, ევროკავშირისგან ნათელი პასუხი იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ". - თქვა მაასმა

შეკითხვაზე, მოიცავს თუ არა Nord Stream 2-ს ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,  მაასმა უპასუხა, რომ პროექტში 100-ზე მეტი ევროპული კომპანიაა ჩართული, აქედან ნახევარი გერმანიისაა: 

"მშენებლობის გაჩერებით ძალიან ბევრი ევროპელი მუშა დაზარალდება".

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

კანცლერის სპიკერმა მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ მერკელი ნავალნის მოწამვლის გამო გაზსადენ Nordstream 2-ზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს, გადახედოს გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტს.

ალექსეი ნავალნის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

კომენტარები