ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარია, ქართული ოცნების გუშინდელი პროგრამის პრეზენტაციას აფასებს. ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მტკიცება, რომ ადამიანები აყვავდნენ, არის მოსახლეობის შეურაცხყოფა. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამს, რაიმე შესთავაზოს მოსახლეობას ან რამეზე პასუხისმგებლობა აიღოს.
"ქართული ოცნების გუშინდელი გამოსვლა იყო არა პროგრამის წარდგენა, არამედ მორიგი თავდასხმა ყველა სხვაზე, ოპონენტებზე. ამაში არის პრობლემა, რომ ქართული ოცნება პრეტენზიასაც კი არ გამოთქვამს, რომ რამე შესთავაზოს მოსახლეობას ან რამეზე პაუსხისმგებლობა აიღოს.
იყო ლაპარაკი, რომ ეს იყო აყვავების 8 წელი მაშინ, როდესაც ადამიანებმა ზუსტად იციან, აყვავდნენ, დაკარგეს სამსახური, კარგად არიან თუ ცუდად. აბსოლუტური შეურაცხყოფაა ადამიანების, რომ ბიძინა ივანიშვილი უმტკიცებს - თქვენ აყვავდითო, მაშინ, როდესაც ისინი თავის თავზე გრძნობენ, რომ ასე არ არის. არანაირ პერსპექტივაზე, რა როგორ შეიძლება გამოსწორდეს, საუბარი არ არის" - განაცხადა ელენე
ხოშტარიამ.
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ სრული საარჩევნო სია წარადგინა, საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე კი ბიძინა ივანიშვილმა უმეტესწილად ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა. ივანიშვილმა პარტიის კრიტიკასა და 2012 წლამდე პერიოდზე საუბარს უფრო დიდი დრო დაუთმო, ვიდრე სამომავლო გეგმებს.





