კორონავირუსი საქართველოში

შესაძლოა, ავტობუსების მძღოლები და პოლიციელები Covid 19-ზე აღარ გატესტონ და ექიმები დაამატონ

Shannon Stapleton/Reuters

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირების პროტოკოლი შეიცვალოს. მისი განმარტებით, სავალდებულო ტესტირებას სავარაუდოდ "ზოგი ჯგუფი" აღარ დაექვემდებარება და დაემატება სამედიცინო პერსონალი.

"ძალიან დიდი ტვირთი გადადის ჩემს კოლეგებზე და სამედიცინო პესრონალზე. ჩვენ ვტესტავდით კოვიდ-კლინიკების თანამშრომლებს, რეანიმანაციების თანამშრომლებს, უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ამაზე ალბათ ცვლილებები შევა დადგენილებაში" - ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით,ძალიან ბევრ პოლიციელს და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლს ტესტავენ.

"იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი ინფიცირება. ამიტომ, შესაძლებელია, ამ ეტაპზე გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ და შესაბამისად, განახლდეს უფრო მაღალი რისკით" - ამბობს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 295 ადამიანი და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კომენტარები