ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არ ვთვლით, რომ აჭარაში რაიმე სახის კლინიკური მედიკოსების დეფიციტი შეიქმნება

საქართველოს მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ აჭარაში კლინიკური მედიკოსების დეფიციტი არ შეიქმნება.

"აჭარის რეგიონში წინა კვირაში იმყოფებოდა მარინა ეზუგბაია. ასევე სხვა ექიმებიც იყვნენ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კოვიდის მართვის პირველ ეტაპზე. ამ კვირაში ასევე არიან მივლენილი ექიმები სხვადასხვა კლინიკიდან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება. ასევე თენგიზ ცერცვაძე, როგორც აქამდე, განაგრძობს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობას, ისიც იქნება ბათუმში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ აჭარაში რაიმე სახის კლინიკური მედიკოსების დეფიციტი შეიქმნას". – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 297 აჭარაში, 78 კი თბილისში დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, რაც ვირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში აღირიცხა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები