საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.
უწყების ცნობით, 112-ში შესული შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს - "რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები".
მაშველებმა ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
"სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით," - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, აჭარაში დამატებით მიემართება იმერეთიდან სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.