სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთის პრეზიდენტი: თუ საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერევა, კავკასია დიდ პრობლემად იქცევა

Reuters

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა CNBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ, თუ საერთაშორისო საზოგადოება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩაერევა, კავკასიის რეგიონი დიდ პრობლემად გადაიქცევა.

"წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ კავკასია კიდევ ერთ სირიად იქცევა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ, თუ ახლა არ ჩაერევა, კავკასია ახალ უზარმაზარ პრობლემად იქცევა". - თქვა მან.

სარქისიანის თქმით, სომხეთს მიაჩნია, რომ პრობლემა ძალისმიერი გზით ვერ გადაიჭრება და მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესაჩერებლად მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.

ამ დროისთვის ორივე ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტის შეახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსთვის საომარი მოქმედებების შესაწყვეტად აუცილებელია, სომხეთმა დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყარაბაღის რეგიონიდან. სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით კი, მაშინ, როდესაც ასეთი მასშტაბის ბრძოლა მიმდინარეობს, მოლაპარაკებები შეუფერებელია.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

რას ნიშნავს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოსთვის - ინტერვიუ ზურაბ ბატიაშვილთან

ირინა არაბიძე: აზერბაიჯან-სომხეთის ომში საქართველოს ნეიტრალიტეტის კანონი სჭირდება

კომენტარები