არჩევნები 2020

კირკიტაძე: ოქრიაშვილის აზრით, უნდა იყოს მაჟორიტარული ოლქები, ჩვენთვის ეს წითელი ხაზი არაა

ტაბულა

რუსთავში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, მათი დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი - კახა ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, დღესაც იმავე აზრზეა, თუმცა, კირკიტაძის თქმით, ეს არ არის მათი პარტიისთვის წითელი ხაზი და ოქრიაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. 

"კახა დღესაც იმავე აზრზეა, რომ უნდა არსებობდეს მაჟორიტარული ოლქები და, საერთოდ, პარლამენტი უნდა იყოს ორპალატიანი, სადაც ერთში მაჟორიტარები უნდა იყვნენ წარმოდგენილი, მეორეში პროპორციული სიით არჩეული დეპუტატები. თუმცა ეს არ არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ ვუწესებთ ჩვენს ოლქში შემომავალ პოლიტიკურ ჯგუფს. 

ოქრიაშვილი იქნება ის კანდიდატი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის კანდიდატს, საერთო ჯამში ოპოზიციას მოუტანს გამარჯვებას". - ამბობს კირკიტაძე. 

4 სექტემბერს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია პროგრესი და თავისუფლება შეუერთდა გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს ძალა ერთობაშია. ოქრიაშვილის თქმით, აქამდე პოლიტიკაში ის დამოუკიდებელი სუბიექტი იყო, ხოლო კავშირები რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან მხოლოდ მოკავშირეების ურთერთობა იყო.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წელს ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების დახმარებით გახდა. 2008 და 2012 წლებში ის საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი იყო. ხოლო 2004 წელს - საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები