ტვ იმედი

"თავდასხმების მიზეზი თავისუფალი მედიის მხარდაჭერაა" – კეზერაშვილის პასუხი ხელისუფლებას

დავით კეზერაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, TV ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი 8 სექტემბერს სამთავრობო მედია იმედის ეთერში მის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და წერს, რომ ეს "პროპაგანდისტული სიბინძურე" მისი საქმიანობის იმ მხარეს უკავშირდება, რომელიც კავშირშია მის პოლიტიკურ გემოვნებასა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან. 

"გუშინ, 8 სექტემბერს სახელისუფლებო პროპაგანდის ფლაგმანმა, ტელეკომპანია იმედმა ჩვეულ სტილში ტალახის სროლისა და ბინძური თავდასხმების მორიგი კასკადი შემოგვთავაზა ჩემ მიმართ. ქართული ოცნების რუპორმა საგანგებო ეთერი მიუძღვნა ყველა იმ ყურით მოთრეულ ბრალდების თავიდან წამოწევას, რომელთა უსაფუძვლობა არაერთხელ დაადასტურა არაერთმა სასამართლო პროცესმა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ისრაელში. 

ნათლად ვაცნობიერებ, რომ მთელი ეს პროპაგანდისტული სიბინძურე ჩემი საქმიანობის იმ მხარეს უკავშირდება, რომელიც კავშირშია ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებსა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან". – წერს დავით კეზერაშვილი. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს მედია სფეროში მონოპოლიის მოსაპოვებლად და მთავრობისაგან დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად. ამის მაგალითად დავით კეზერაშვილს ოპოზიციური ტელევიზიების ხელმძღვანელებისა და დამფინანსებლების მიმართ აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმეები მოჰყავს. 

"ყველანაირად ცდილობენ თავისუფალი მედიის დაფინანსების წყაროების ჩაჭრას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვვითარდებით და არ ვაპირებთ რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად, სატელევიზიო სივრცე ჩვენი მოქალაქეების ზომბირების იარაღად დავუტოვოთ ხელისუფლებას. 

იმედისა და სხვა პროპაგანდისტული სიბინძურის მანქანების საპირწონედ არსებობენ და იარსებებენ თავისუფალი მედიასაშუალებები. რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის 31 ოქტომბერი, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებების დღე, მით უფრო მეტი სიბინძურე გადმოიღვრება იმედის და სხვა სახელისუფლებო რუპორების ეთერებში. 

ამის გამო ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით, ვერავინ შეგვაშინებს და თავისუფალი მედიის სარედაქციო პოლიტიკას ვერავინ გაგვაკონტროლებს. მჯერა, რომ საზოგადოების ინტერესშია თავისუფალი სიტყვა და შესაბამისად ვრჩებით საზოგადეობის და არა მთავრობის ინტერესის სადარაჯოზე". – წერს დავით კეზერაშვილი. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ სიუჟეტი გადაცემა არენაში 8 სექტემბერს გავიდა და ის მათ შორის ისეთ საქმეებზე მსჯელობას მოიცავდა, რომელზეც სამართალწარმოება საერთოდ არ დაწყებულა. 

კეზერაშვილის წინააღმდეგ ამ ეტაპზე სისხლის სამართლის ერთი საქმე მიმდინარეობს. ტელეკომპანია იმედის საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართულმა სასამართლომ ის ოთხ სხვა საქმეში უდანაშაულოდ ცნო. საქართველომ კეზერაშვილის ექსტრადირება ორ ქვეყანას სთხოვა - 2013 წელს მის გადმოცემაზე უარი საფრანგეთმა თქვა, ფრანგულმა სასამართლომ მიზეზად საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივი დაასახელა. იმავე მიზეზით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმაც. 2015 წლის ივლისში კი, კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდანაც ამოიღეს.

კომენტარები