კორონავირუსი ბათუმში

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

constructionnews

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.   

"გუშინ ღამით მოხდა შენობის დეზინფექცია, დამუშავება. მოიაზრება ყველა თანამშრომლის ტესტირება, ვისაც დაუდასტურდება, რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში იყო ამ პიროვნებასთან, ის გააგრძელებს მუშაობას". – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. 

შავიშვილის ინფორმაციით, მისი ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს.  

გუშინ, 7 სექტემბერს, იუსტიციის სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ აჭარის იუსტიციის სახლი დეზინფექციის მიზნით დროებით მუშაობას წყვეტს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 7 სექტემბერს თქვა, რომ მთავრობა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატების გამო ბათუმის ჩაკეტვას არ განიხილავს.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები