დღეს, 7 სექტემბერს, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 20 აჭარაში დადასტურდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
"ამ შემთხვევების უმრავლესობა არის დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. დანარჩენის კვლევები მიმდინარეობს, კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, გაღრმავებული ეპიდკვლევით". – ამბობს რუსუდან შავიშვილი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 6 - საკონდიტრო "დონას" უკავშირდება, 8-ს კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 684 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 1 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.





