სერგი გვარჯალაძე

ღამის მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გვარჯალაძე "იმედზე" გადაცემას წაიყვანს

სერგი გვარჯალაძე
ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ღამის მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ გვარჯალაძე TV "იმედზე" გადაცემას წაიყვანს. გადაცემას ნამდვილი რიცხვები ერქმევა. მისი პრემიერა ხუთშაბათს შედგება.

"ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ მოვლენაზე, ჩვენს ცხოვრებაზე, უფრო დეტალურად მივიღებთ ინფორმაციას და ეს იქნება ნამდვილი რიცხვები, რომელზეც ძალიან კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ". – ამბობს გვარჯალაძე TV იმედის მიერ გავრცელებული ახალი სეზონის ანონსში.

"იმედის" ცნობით, ახალი გადაცემის მიზანი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების რიცხვებით, სტატისტიკითა და საზოგადოებრივი აზრის კვლევების საფუძველზე შეფასებაა.

სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, 31 აგვისტოს დატოვა. გვარჯალაძე ამ თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა.

2020 წლის მარტში, ფლანგვის დეტექტორმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2018-2019 წლებში ღამის მერიისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც ნახევარზე მეტი - 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო.

კომენტარები