ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციის ხარისხი მაღალია. დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 500 საწოლი მზადაა. გაბუნია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საწოლების რაოდენობა გაიზრდება.
"არის კონკრეტული გაწერილი სქემა, იმის მიხედვით, თუ აქტიური შემთხვევების რა რაოდენობაზე მოხდება დამატებით კლინიკების მობილიზება". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
თამარ გაბუნიას ცნობით, ქვეყანაში პირადი დაცვის საშუალებების, ტესტების და სუნთქვის აპარატების საჭირო მარაგი არსებობს.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა დონორების დახმარებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული სარეზერვო რაოდენობა გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის, მათ შორის სუნთქვის აპარატების, ამდენად, ვფიქრობთ, მზაობის ხარისხი საკმარისად მაღალია". – ამბობს გაბუნია.
ბოლო 24 საათში საქართველოში Сovid-19-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ორი ე.წ. საკონდიტრო "დონას" კლასტერს განეკუთვნება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 1650 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1310 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება 299 პირი. ახალი კორონავირუსული ინფექციის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.





