ბელარუსი

ტიხანოვსკაია გაეროს ბელარუსში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდებს 

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Belsat

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაჟინებით მოუწოდა, რომ ბელარუსში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს.

ის გაეროს ბელარუსში ლუკაშენკოს მიერ აქციების დარბევის დაგმობისკენ მოუწოდებს. 

ტიხანოვსკაიამ 4 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეის მაღალი დონის ონლაინ დებატებში.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭომ სპეციალური სესია უნდა გამართოს ბელარუსში ადამიანის უფლებების საკითხზე. 

მან საერთაშორისო საზოგადოებას ასევე მოუწოდა, რომ არჩევნების გაყალბებისთვის და "კაცობრიობის წინაში ჩედენილი დანაშაულებისთვის" პასუხისმგებელ პირებს ინდივიდუალური სანქციები დაუწესონ.

"ჩვენ, ბელარუს ხალხს, გვჭირდება გაერო, რათა შეაჩეროს ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევები და ადამიანის ღირსების ცინიკური უგულებელყოფა," - აღნიშნა მან.

გაეროში ადამიანის უფლებების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე კვირას მათ ბელარუსში პოლიციის მიერ მომიტინგეების წამების, ცემის, არასათანადოდ მოპყრობის ასობით საქმე მიიღეს.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მან თქვა, რომ თუ ბელარუსში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება, მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე ის ამბობდა, რომ მზად იყო, ქვეყანას სათავეში ჩასდგომოდა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები