გასულ 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 9 პირის ინფიცირების წყარო ე.წ "დონას" კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე ავრცელებს.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
"13 ახალი შემთხვევიდან ერთი გახლავთ უკვე დადასტურებული მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, ორი - წინა დღეებში დადასტურებულის ოჯახის წევრი, ერთი - საკარანტინო სივრციდან.
საქართველოს ბანკის თანამშრომელი გახლავთ ინფიცირებული, ესაა გადამოწმებული ინფორმაცია, დანარჩენ თანამშრომლების, რა თქმა უნდა, როგორც ყველა გამოვლენილ შემთხვევასთან მიმართებაში, მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა". – ამბობს ნონა ეფაძე.
დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 1 596 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 294 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.





