არჩევნები 2020

კახა ოქრიაშვილის პარტია პროგრესი და თავისუფლება ძალა ერთობაშიას შეუერთდა

მთავარი არხი

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია პროგრესი და თავისუფლება შეუერთდა გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს ძალა ერთობაშია. ოქრიაშვილის თქმით, აქამდე პოლიტიკაში ის დამოუკიდებელი სუბიექტი იყო, ხოლო კავშირები რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან მხოლოდ მოკავშირეების ურთერთობა იყო.

"მე წარმოვადგენ პარტიას პროგრესი და თავისუფლება, ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს ძალა ერთობაშია. ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია, პროგრესი და თავისუფლება იქნება გარანტი, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო.

მინდა გითხრათ, რომ მე პოლიტიკაში მოვხვდი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. ყოველთვის ვგრძნობდი ამ დამოუკიდებლობას და ვიქცეოდი დამოუკიდებლად. თუ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან მაკავშირებდა რამე, ამას უფრო დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას". – ამბობს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.

კახა ოქრიაშვილის თქმით, ის კენჭს იყრის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში.

"ვაპირებ მაჟორიტარ დეპუტატობას. კენჭს ვიყრი დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში, ვიყრი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან". – აღნიშნავს ოქრიაშვილი.

კახა ოქრიაშვილმა ქართული ოცნება 10 აგვისტოს დატოვა. მან ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია პროგრესი და თავისუფლება დააარსა.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წელს ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების დახმარებით გახდა. 2008 და 2012 წლებში ის საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი იყო. ხოლო 2004 წელს - საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ვანო მერაბიშვილსა და დიმიტრი შაშკინს შეხვდა.

კომენტარები