ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე არ გაუშვას. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა - 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობები და წესი, ასევე, უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები შინაგან საქმეთა მინისტრმა 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაადგინოს. სწორედ მომავალი წლიდან ამოქმედდება 2 სექტემბერს დამტკიცებული კანონი.
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონის ახალი რედაქციით, შსს-ს წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი უთხრას ქვეყნიდან დროებითი გასვლისთვის პასპორტის გაცემაზე, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ ის:
- იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
- წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
ასევე, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასა და ვიზალიბერალიზაციით სარგებლობაზე, თუ
- საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია მესაზღვრისთვის;
- საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვებისთვის დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
- არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან მოქმედ ჯავშანს;
- არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას და მის მისამართს;
- არ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- არ წარადგენს მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს;
კანონპროექტი 2018 წლის აპრილშია ინიცირებული. მისი ავტორები არიან არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ოთარ დანელია, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და ზვიად კვაჭანტირაძე. ინიციატორები განმარტებით ბარათში ცვლილების მიზეზად უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკებს ასახელებენ.
"გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა. ზემოაღნიშნული ქვეყნები საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის ფარგლებში ღიად აფიქსირებენ რომ, მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული მიზანმიმართული ღონისძიებები, რათა შეამციროს საქართველოდან იმ მოქალაქეთა ნაკადი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას" - წერია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ ის, რაც 2020 წლის 2 სექტემბერს მიღებული კანონპროექტით გაიწერა, ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან კანონის გარეშე მოქმედებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - იქ უცხოელი და ქართველი მესაზღვრეები წინასწარ ამოწმებდნენ საბუთებს და თუ მგზავრს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს გადახდილი ჯავშანი/ოფიციალური მოწვევა, ფული და სამოგზაურო დაზღვევა არ ექნებოდა, ან ვერ დაასაბუთებდა მოგზაურობის მიზანს, ქვეყნიდან არ უშვებდნენ.
2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღის ვადით.