საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და 2 პრინცი თანამდებობიდან მოხსნეს

AFP/Getty Images

საუდის არაბეთში თანამდებობიდან გაათავისუფლეს რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის სამეფო ოჯახის ორი წარმომადგენელი.

სამეფო დადგენილება მეფე სალმანმა გამოსცა. მისი ბრძანებით პრინცი ფაჰად ბინ თურქი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის ხელმძღვანელი აღარ იქნება. ალ ჯაუფის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას დატოვებს მისი შვილი აბდულაზიზ ბინ ფაჰადი.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს 4 მაღალჩინოსანიც. მათ წინააღმდეგ გამოძიება არის დაწყებული საეჭვო ფინანსური გარიგებების ბრალდებით.

საუდის არაბეთში ანტიკორუფციული კამპანია მეფე სალმანის შვილმა, ამჟამინდელმა ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში თანამდებობები დაატოვებინეს ან დააკავეს სამეფო ოჯახის არაერთი წარმომადგენელი. მუჰამედ ბინ სალმანის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამგვარად პრინცი თავიდან იშორებს სამეფო ტახტის დაკავებაზე პოტენციურ კონკურენტებს და წინაღობებს.

2017 წელს კამპანიის ფარგლებში სამეფო ოჯახის ათობით წარმომადგენელი, მინისტრები და ბიზნესმენები დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ჰყავდათ დაკავებული. მათი უმეტესობა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საუდის არაბეთი სახელმწიფოსთვის სოლიდური თანხის გადახდაზე დათანხმდნენ. თანხამ ჯამში 107 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მიმდინარე წელს დააკავეს სამეფო ოჯახის 3 წევრი, მათ შორის მეფე სალმანის უმცროსი ძმა, პრინცი აჰმედ ბინ აბდულაზიზი და ყოფილი ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ ნაიფი.

კომენტარები