ჩრდილოეთ მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიცია დაამტკიცა

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა დაამტკიცა მემარცხენე კოალიცია, რომელშიც ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტია შედის.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 15 ივლისს ჩატარდა. არჩევნები ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა თანამდებობა დატოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მიზეზი ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეფერხება გახდა.

არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა კვლავ მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა და პარლამენტში 46 ადგილი დაიკავა. მას მოსდევდა დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის 44 ადგილით. მესამე ადგილზე ალბანური პოლიტიკური პარტია დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისათვის გავიდა. მათ 15 ადგილი მოიპოვეს. სწორედ ამ პარტიასთან შედგა სამთავრობო კოალიცია, რომელსაც 120 პარლამენტარიდან მხარი 62-მდა დაუჭირა.

კოალიციის დამტკიცების შემდეგ ზაევი პრემიერმინისტრის პოსტს დაუბრუნდება.

ამგვარად დასრულდება 8-თვიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანას ტექნიკური მთავრობა მართავდა. ეს მთავრობა ხელისუფლებაში აპრილამდე უნდა დარჩენილიყო, როდესაც ვადამდელი არჩევნები იყო ჩანიშნული, თუმცა არჩევნები კორონავირუსის პანდემიის გამო ივლისამდე გადაიდო.

ქვეყნის 2 მილიონამდე მოსახლიდან კორონავირუსი ოფიციალურად 14 000-ს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 600 ადამიანი. ზორან ზაევმა პირობა დადო, რომ პანდემიას და მის მიერ მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს გაუმკლავდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით პროგრესი იქნება.

ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ქვეყანამ საბერძნეთთან შეთანხმებას მიაღწია და სახელი შეიცვალა. მაკედონიის ნაცვლად ახლა ქვეყანას ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონია ჰქვია. ამის შემდეგ ის ნატოში გაწევრიანდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა და საბერძნეთმა პირობა დადო, რომ მის გაწევრიანებას აღარ დაბლოკავდა. თუმცა, ამისა გამო, ოპოზიცია ზაევს და მის პარტიას ქვეყნის ისტორიული იდენტობის ღალატში ადანაშაულებდა.

კომენტარები