არჩევნები 2020

კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ენმ-სთან მოლაპარაკებებს მართავენ

კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ პარტია პროგრესი და თავისუფლება დააარსეს, ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთანაც.

უცნობია, კონკრეტულად რას ეხება ეს მოლაპარაკებები. ოქრიაშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს "მოკავშირეობასთან დაკავშირებით".

"ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ძალა ერთობაშია. უფრო სწორად, კი არ ვთანაშრომლობთ, მიდის მოლაპარაკებები. ყველა პარტიასთან მიდის მოლაპარაკებები, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთანაც". - უთხრა ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა რუსთავი 2-ს.

მათთან მოლაპარაკებები და კონსულტაციები ტელეკომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამაც დაუდასტურა.

თინა ბოკუჩავას თქმით, "ენმ-ს აქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც შეიძლება დასახელდნენ ბიძინა ივანიშვილსგან განხიბლულებად".

"შეიძლება, ძალიან განსხვავებული პოზიციები გვქონოდა ამა თუ იმ პოლიტიკოსს ბოლო 8 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა ეს გააზრება, რომ ქვეყნისთვის საზიანოა ივანიშვილის მმართველობა და ცვლილებების დროა, არის ის, რაც, ჩემი აზრით, უნდა აერთიანებდეს ოპოზიციას".- განუცხადა მან რ2-ს.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წელს ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების დახმარებით გახდა. 2008 და 2012 წლებში ის საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი იყო. ხოლო 2004 წელს - საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები