არჩევნები 2020

ირმა ნადირაშვილი რუსთავის მერიის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე ლაპარაკობს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი და რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის მერიის სპორტული ააიპ-ის წარმომადგენლები ევროპული საქართველოს აქტივისტებს აშანტაჟებენ და ზეწოლას ახდენენ.

კერძოდ, ისინი ვიდეოებსა და ფოტოებს უღებდნენ, აშანტაჟებდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებს, რომლებიც რუსთავის ქუჩებში პლაკატებს აკრავდნენ.

"ერთ-ერთი მათგანი არის ბაჩო ხაჩიძე, ხოლო მეორე - ვაჟა კვიჟინაძე. ეს პიროვნებები არიან რუსთავის სპორტის ააიპ-ის თანამშრომლები, მე არ ვიცი, ზუსტად რა თანამდებობა აქვთ მათ. ფაქტი ერთია, ეს ადამიანები ჩვენ დავიქირავეთ იმისთვის, რომ ემსახურონ ხალხს და არა იმისათვის, რომ იარონ ქუჩა-ქუჩა, გადაუღონ ვიდეოები, ფოტოები ჩვენს აქტივისტებს, დააშანტაჟონ, მოაქციონ ზეწოლის ქვეშ. ბიუჯეტი იხდის ფულს იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა გაუწიონ სამსახური რუსთავს, მოქალაქეებს რუსთავში და არა იმისათვის, რომ იმუშაონ ზონდერებად, რასაც ისინი აკეთებენ ამ დროის განმავლობაში". – თქვა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ორი ადამიანი პირველად არ ხვდება ოპოზიციის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში - გასულ წელს ისინი რუსთავი 2-ის შენობასთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ და გიორგი გაბუნიას განცხადებებს და გადაცემებს გმობდნენ.

"მე მინდა მოვუწოდო რუსთავის მერს, ბატონ ტაბაღუას, მართალია ის თავად ძალიან მძიმე დღეშია, ფაქტობრივად, ფორმალურად არის თანამდებობაზე, არანაირი გადაწყვეტილების მიღება მის ხელში არ არის, ამის მიუხედავად, მე მინდა მოვუწოდო, რომ თავისი თანამშრომლები მოაქციოს კანონის ჩარჩოში, ნუ ამუშავებს ამ ხალხს ზონდერებად, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის მიახლოებული დასასრულს. მე ვურჩევ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ საფლავში ეს ადამიანები არ ჩაყვნენ.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავში მხარს უჭერს ბატონი ფარცხალაძე, სწორედ მისი რეკომენდაციით იყო შერჩეული ეს კანდიდატი და გასაგებია ფარცხალაძის მეთოდები, გასაგებია რა მეთოდებით მუშაობს ბატონი ფარცხალაძე და მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ამ მეთოდების გადმოტანა რუსთავში არ გამოვა". – თქვა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები