11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა

შსს: 11 წლის ბავშვის ოჯახიდან ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციაში 11 წლის ბავშვის ოჯახიდან ძალადობის შესახებ შეტყობინება ან განცხადება არ შესულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გაცემულა.

"აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.

გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება". – აცხადებს უწყება.

11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 23 აგვისტოს დაასრულა - ის თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიზეზი მამის მხრიდან მასზე სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა.

ბავშვის ბებიამ მედიას უთხრა, რომ 49 წლის კაცი ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა. საქმის შესწავლა დაიწყო ომბუდსმენმაც. ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა დადგინდეს, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან ეფექტური და დროული გამოძიება, თუკი პოლიციაში ძალადობის თაობაზე შეტყობინებები შევიდა.

ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

კომენტარები