შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვან პირებს მოსამართლე შეეცვალათ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვან პირებს მოსამართლე შეეცვალათ, ამის შესახებ თქვა საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ. მისი თქმით, მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი მცხეთის სასამართლოში თბილისიდან იქნა მივლენილი.

"მასკარადს, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების სახით, დაემატა მოსამართლე ქალბატონი კულულაშვილი, რომელმაც ჩვენ, დაცვის მხარეს, მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე უარი განგვიცხადა და ამ ადამიანს ახლა დაეწერა ეს საქმე. იგი მივლინებული იქნება თბილისიდან მცხეთაში სწორედ ამ საქმის შესრულების მიზნით. დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ქალბატონი ეკას ხელში რაიმე შეიცვლება". – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველი ლექსო კობაიძე.

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

კომენტარები