ბელარუსი

ტიხანოვსკაია ამბობს, რომ, თუ ბელარუსში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, კენჭს აღარ იყრის

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Getty Images

ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ Belsat TV-სთან ინტერვიუში თქვა, რომ, თუ ბელარუსში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება, მონაწილეობას არ მიიღებს.

"მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში. პოლიტიკა ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია". - თქვა მან.

მანამდე ის ამბობდა, რომ მზად იყო, ქვეყანას სათავეში ჩასდგომოდა. ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ტიხანოვსკაია ქარხნების და სხვა დაწესებულებების თანამშრომლებს მოუწოდებს გააგრძელონ გაფიცვა, რათა ხელისუფლებამ ხალხის ხმა გაიგონოს.

ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ბელარუსში თითქმის ორი კვირაა, გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

კომენტარები