აშშ - მალი

აშშ მალის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას წყვეტს

theafricareport.com

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მალის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას წყვეტს.

აშშ-ს საგანგებო დესპანის, ჯონ პიტერ ფამის განცხადებით, საერთო წვრთნები მალის შეიარაღებულ ძალებთან და მათი მხარდაჭერა შეწყდა მანამდე, სანამ მალიში არსებული მდგომარეობა არ შეფასდება.

აშშ სისტემატურად ატარებდა სამხედრო წვრთნებს მალის სამხედროებისთვის და სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარება ფრანგულ ძალებს, რომლებიც რეგიონში ალ-ქაიდას და ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან.

ფამის განცხადებით, შეფასდება თუ არა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო ამბოხი სახელმწიფო გადატრიალებად, დამოკიდებულია მდგომარეობის სამართლებრივ გადასინჯვაზე. თუ აშშ-მ მალიში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა, მალის მთავრობას აშშ-ს მხარდაჭერა შეუჩერდება.

მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბაუბაკარ კეიტა თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ის სამხედროებმა დააკავეს. 

მალის არმიის პოლკოვნიკმა ასიმი გოიტამ თავი სამხედრო ხუნტის ლიდერად გამოაცხადა. მას მხარი დაუჭირა ქვეყნის ოპოზიციამ. გოიტამ თქვა, რომ ხალხის ხსნის ეროვნული კომიტეტის ლიდერია და ძალაუფლება მათ გადაიბარეს.

AFP-ს ინფორმაციით, ამ დრომდე ასიმი გოიტა მალის სამხედრო ძალების სპეციალურ დანაყოფს ხელმძღვანელობდა და სწორედ ის იდგა სამხედრო გადატრიალების უკან.

მალის არმიის წარმომადგენლები მთავრობის ჩამოგდების შემდეგ მოსახლეობას მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და ჯარისკაცებს აფრთხილებენ, რომ ვანდალიზმის და კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი მკაცრად დაისჯებიან.

მალის ოპოზიციურ კოალიციაში ამბობენ, რომ სამხედრო ხუნტამ პირობა დადო, რომ გარდამავალი პერიოდის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს და მათთან ერთად ამაზე იმუშავებენ. გადატრიალების ლიდერი სამხედროები პირობას დებენ, რომ არჩევნებს "გონივრულ ვადაში" ჩაატარებენ.

დედაქალაქ ბამაკოში სამხედრო ხუნტის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამხედრო ხუნტის მიერ ძალაუფლების გადაბარებას აღნიშნავდნენ.

მიუხედავად ოპოზიციის მხარდაჭერისა, სამხედრო გადატრიალება დაგმეს აფრიკის კავშირმა, ევროკავშირმა, აშშ-მ და გაეროს უშიშროების საბჭომ. მათ ყოფილი მთავრობის დაკავებული წევრების გათავისუფლება მოითხოვეს.

კომენტარები