ხმების დაცვის დეკლარაცია

მდინარაძე დეკლარაციაზე: ოპოზიციას არავისგან სჭირდება ხმების დაცვა

ტაბულა

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ხმების დაცვა არავისგან სჭირდება და ეს მათი დესტრუქციისგან იქნება დასაცავი საზოგადოება. 

 

ამის შესახებ დეპუტატმა იმ დეკლარაციაზე ისაუბრა, რომელსაც ხელი 30-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა და რომელიც ერთმანეთის საარჩევნო ხმების დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. 

 

"ეს არის ახალი ამბის, ე.წ ნიუსის შექმნის მცდელობა, თორემ ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ, რეალურად სახელმწიფოს დასჭირდება მათი დესტრუქციისგან საზოგადოების დაცვა". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

 

პარლამენტის ვიცესპიკერი ამტკიცებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით" ჩატარდება.

 

"ჩვენ ვცდილობთ, რომ მიუხედავად პანდემიისა და იმ სიტუაციისა, რაც დღეს მსოფლიოშია შექმნილი, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოვიწვიოთ და ჩამოვიყვანოთ, რათა მათ დადონ ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნა და საკუთარი თვალით ნახოთ, როგორი ხარისხით, როგორი გამჭვირვალობით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები". – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

 

ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნები იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით ატარებს მმართველი გუნდი არჩევნებს, უკვე არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს გამოქვეყნებული. მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ ეუთო-ს დასკვნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ. დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა, ძალადობრივი ინციდენტები – ეს ის დარღვევებია, რომელიც ორგანიზაციამ პირველიდან მეორე ტურამდე პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს გამოავლინა. 

კომენტარები