სავალდებულო სამხედრო სამსახური

22 წლამდე სტუდენტებს რეზერვის 1 კონტრაქტის შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 18 და 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განაცხადა, რომ გრძელდება აქტიური რეზერვის პროგრამა, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობასა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას უზრუნველყოფს.

ჯოხაძის თქმით, აქტიური რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის თავდაცვაში.

თავდაცვის უწყების ცნობით, "ამ ეტაპზე, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, ქალაქ მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან ფორმდება 5-წლიანი კონტრაქტი და მას უნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება, თითოეული წლის განმავლობაში, არ აღემატება 45 დღეს. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია, ანუ თვეში 225 ლარი".

საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი. გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეა.

კომენტარები