ყაჩაღობა

ყაჩაღობა შუახევში - ბანკის მოლარეს სცემეს და პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა გასტაცეს

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, 1994 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. და 1996 წელს დაბადებული ხ.ც. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ლიბერთი ბანკის გამსვლელ მოლარე-ოპერატორს - 1956 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა - 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. ქედის მუნიციპალიტეტში, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყაჩაღურად დაუფლებული თანხითურთ მიმალვას ცდილობდნენ. პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები