საბჭოთა კავშირი

"სოციალური თანასწორობა" - როგორ ისვენებდნენ და ერთობოდნენ მოწინავე ბოლშევიკები

თითქმის 100 წლის წინ, ჯერ კიდევ ახლად შობილ საბჭოთა კავშირში მოხდა დიდი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ქვეყნის მოწინავე ბოლშევიკების ასტრონომიულ ხარჯებს უკავშირდებოდა. ახლად ჩამოყალიბებულ საბჭოთა კავშირში საყოველთაო განხილვის საგნად პირველად იქცა სოციალური თანასწორობის მქადაგებელი ბოლშევიკების ქცევა. რასაკვირველია, სკანდალისგან პოლიტიკური დივიდენდები იოსებ სტალინმა მიიღო.

1924 წლის 5 აგვისტოს, საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის [ცაკ-ი] მდივანმა აბელ ენუქიძემ მაშინ, ჯერ კიდევ პარტიის ცენტრალური კომიტეტის კადრებისა და საორგანიზაციო კომიტეტის მდივანს, იოსებ სტალინს გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი, რომელიც განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის ბოლშევიკების მიერ დასვენებისა და გართობისთვის გაწეულ ხარჯებს ეხებოდა.

„ცაკ-ის განკარგულებაში არის თანხები, რომლებიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება. ისინი განკუთვნილია ამხანაგების შვებულების ანაზღაურების,  ასევე, ცალკეული გადასახადების, ამხანაგების დასვენების ხარჯების, მათი დასასვენებელი შენობების შენახვისა და სათანადოდ მოწყობისათვის“, - ნათქვამი იყო მოხსენებითი ბარათის პრეამბულაში.

გასაიდუმლოებული საშვებულებო ხარჯები

დოკუმენტი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და განკუთვნილი იყო პირადად სტალინისთვის, არ ჰქონდა ნომერი და ასლი. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ 1923 წელს კომინტერნისა და ლენინგრადის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გრიგორი ზინოვიევის დასვენებაზე 10 990 რუბლი დაიხარჯა, სახელმწიფო საბჭოს და რევკომის თავმჯდომარის, ლევ ტროკცის  შვებულებაზე კი 12 930 რუბლი.

ამ თანხების ნაწილი იმ აგარაკების რემონტს მოხმარდა, რომლებითაც პარტიის სხვა ხელმძღვანელები სარგებლოდნენ, მაგრამ რიცხვები მაინც ასტრონომიულია.

მაშინ, სამხედრო კომუნიზმითა და სამოქალაქო ომით დასუსტებულ სსრკ-ში ნეპის ხანა იდგა. ნეპ-ი, ანუ ახალი ეკონომიკური პროგრამა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად საბაზრო ელემენტებისა და კერძო საკუთრების დაბრუნებას გულისხმობდა.

ამავე პერიოდში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მოსაწესრიგებლად საბჭოთ ხელისუფლებამ გამოუშვა ე.წ. ჩერვონეცი. ჩერვონეცი გამყარებული იყო სახელმწიფოს ოქროს მარაგით, სხვადასხვა სახის თამასუქებით და მომგებიანი ორგანიზაციების ფასიანი ქაღალდებით. 1924 წელს ერთი რუბლი იმდროინდელი კურსით 2,2 ამერიკულ დოლარს, დღევანდელი კურსით კი 33 დოლარს უტოლდებოდა.

ილფის და პეტროვის საკულტო ნაწარმოების „ოქროს კერპის“ პერსონაჟის, კანტორის მოსამსახურის, კორეიკოს ხელფასი თვეში 46 რუბლს შეადგენდა. ამგვარად, გამოდის, რომ ტროცკისა და ზინოვიევის დასვენებაზე რიგითი საბჭოთა მოქალაქის 40 წლის ხელფასი დახარჯულა.

შედარებით თავმდაბალნი აღმოჩნდნენ სხვა ხელმძღვანელები. მაგალითად, სტალინმა დასვენებაზე 1640 რუბლი დახარჯა, ხოლო ლევ კამენევმა - 1250. სანაცვლოდ, 1924 წლის პირველ ნახევარში კამენევმა დასვენებზე 5450 რუბლი დახარჯა, ზინოვიევმა - კვლავ 10 ათასი.

როგორც გასაიდუმლოებულ წერილშია ნათქვამი, ამ თანხებს თვითონ ენუქიძე განკარგავდა, ოღონდ არ არსებობდა ფულის გაცემის წესი და ლიმიტები,  ენუქიძე უბრალოდ გასცემდა თანხას, რომელსაც მისგან ბოლშევიკები ითხოვდნენ. ენუქიძეს პოლიტბიუროს წევრების მოთხოვნებს ულაპარაკოდ ასრულებდა.

თანხის გამოთხოვა უმეტესად ოგპუ-ს [გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო] სპეცდანაყოფის უფროსის, აბრამ ბელენკის გავლით ხდებოდა. ეს დანაყოფი სახელმწიფოს პირველი პირების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.

ამ თანხებს ბოლშევიკებს პირადად არ აძლევდნენ. ფულს სწორედ აბრამ ბელენკი იღებდა, ის კი, თავის მხრივ, გადასცემდა ჩეკისტებს, რომლებიც ამა თუ იმ ბოლშევიკს იყვნენ მიმაგრებულნი.

ეს არ არის სრული მონაცემები, ენუქიძის უწყების გარდა, ამავე დანიშნულებით თანხებს გასცემდა ალექსეი რიკოვიც, რომელიც იმხანად საბჭოთა მთავრობას  მეთაურობდა.

პარტიული ხელმძღვანელები, ყირიმისა და კავკასიის კურორტების გარდა, რეგულარულად ისვენებდნენ საზღვარგარეთ, განსაკუთრებით გერმანიასა და ლატვიაში.

1924 წელს რიკოვმა ამავე მიზნით მიიღო 3 ათასი რუბლი, რაც დღევანდელ 45 ათას დოლარს უტოლდება. ცეკას მდივანმა მოლოტოვმა დასასვენებლად 1213 დოლარი და 1500 ლატვიური რუბლი მიიღო. დასასვენებლად თითქმის 1000 დოლარი მიიღო გოსპლანის [სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის] თავმჯდომარემ ალექსანდრ ციურუპამ. 

იგი ფილმის „ლენინი 1918 წელს“ პერსონაჟის პროტოტიპია - სახკომსაბჭოს (სახალხო კომისართა საბჭოს) სხდომაზე ციურუპას პერსონაჟი შიმშილისგან გონებას კარგავს.

1922 წელს საბჭოთა სახალხო მეურნეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ივან სმიგლამ საზღვარგარეთ დასვენებასა და მკურნალობაზე 2 000 ოქროს რუბლი დახარჯა. სმიგლამ ვერ წარმოადგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. ცეკასთვის განკუთვნილ განმარტებით ბარათში იგი წერს, რომ ფულის ნაწილი მან ტანსაცმელში დახარჯა, მცირე ნაწილი კი „რესტორნებში, ტაქსიში, თეატრის ბილეთებსა და სხვა გასართობებში“.

ე.წ. „ოქროს რუბლის“ მსყიდველობითი უნარი რუსეთის მეფის მიერ გამოშვებული რუბლის მსყიდველობით უნარს უტოლდებოდა. შედარებისთვის: 1913 წელს ერთ-ერთ გაზეთში ვინმე ჟდანოვი წერდა, როგორ შემოიარა ევროპის ექვსი ქვეყანა და ერთი თვის განმავლობაში. ჟდანოვის თქმით, მან ამაში სულ 300 რუბლი დახარჯა.

თავის მოხსენებით ბარათში ენუქიძემ წამოაყენა წინადადება, დაწესებულიყო გარკვეული ლიმიტი თითო ამხანაგზე და სხვადასხვა უწყების მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხები ერთ ფონდად გაერთიანებულიყო. ენუქიძე ამბობდა, რომ ამგვარ ფორმალურ ცვლილებასაც კი, შესაძლოა, გარკვეული ამხანაგების უკმაყოფილება მოჰყოლოდა.

ენუქიძის მოხსენებითი ბარათი საბეჭდ მანქანა „უნდერვუდზეა“ აკრეფილი, თუმცა თანხების რაოდენობა ენუქიძის ხელითაა ჩაწერილი. ეტყობა, მას არ სურდა, ინფორმაცია კონფიდენციალური ხარჯების შესახებ მბეჭდავისთვის გაენდო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინფორმაცია ბოლშევიკების დანახარჯების შესახებ მალევე საყოველთაოდ გავრცელდა.

ცხადია, ამ სკანდალური ამბის შესახებ საბჭოთა გაზეთებს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ გპუ-ს მონაცემებით, ამ ინფორმაციას განიხილავდნენ და ზუსტ რიცხვებს ასახელებდნენ, როგორც „ინტელიგენცია, ასევე, ნეპმანები“. თემას განიხილავდნენ რიგითი მუშები და ბოლშევიკები, რომელთაგან ბევრს ჯერ კიდევ სერიოზულად სჯეროდა რევოლუციური ენთუზიაზმის, საყოველთაო თანასწორობისა და პროლეტარული თავმდაბლობის.

სხვა საკითხია, რომ რუსეთის წინა მმართველები დასვენებასა და გართობაზე მეტსაც ხარჯავნდნენ. მაგალითად, ცნობილია. რომ ნიკოლოზ მეორე დასასვენებლად რამდენიმე თვით გაემართა საფრანგეთში ბიარიცის სანაპიროზე, სადაც თავისი დიდი ოჯახისა და მოსამსახურეებისთვის მთელი სასტუმრო დაიქირავა, ოღონდ ეგ არის, რომ მეფეებსა და დიდ თავადებს  სოციალურ თანასწორობა არასდროს უქადაგიათ.

ისტორიკოსი ევგენი ჟირნოვი, რომელიც ამ საკითხს შეისწავლიდა, მიიჩნევს, რომ ინფორმაციის გაჟონვას, სავარაუდოდ, სტალინმა გაუწია ორგანიზება. სტალინის ძველ მეგობარს, ენუქიძეს მოხსენებითი ბარათი, შესაძლოა, სწორედ სტალინის დავალებით მოემზადებინა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ გამარჯვებულთა ფრაქციაში აღმოჩენის სურვილით ენუქიძემ ანგარიში საკუთარი ინიციატივით მოამზადა. 13 წლის შემდეგ სტალინისთვის გაწეულმა სამსახურმა აბელ ენუქიძე დახვრეტისგან ვერ გადაარჩინა, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია.

1924 წლის 15 სექტემბერს სტალინმა მოლოტოვის დახმარებით პოლიტბიუროში გაავრცელა წერილი, სადაც ეწერა, რომ ბოლშევიკების დასვენებისთვის გამოყოფილ თანხებზე უკვე ყველა „გზაჯვარედინზე იყო მითქმა-მოთქმა“.

ამ წერილში სტალინი არ ახსენებს ენუქიძის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. იგი წერს, ჭორებს მოვკარი ყური, შემდეგ შესამოწმებლად ენუქიძეს და ბელენკის მივმართე და მათ მითხრეს, ყველაფერი მართალიაო.

მომდევნო დღეებში სტალინი სხდომაზე გამოვიდა წინადადებით „არსებული ვითარების დელიკატურობის გამო დაედგინათ საშვებულებო მაქსიმალური თანხა თითოეული პარტმუშაკისათვის, ფული გაეცათ ინდივიდუალურად და შვებულების ვადის მიხედვით. მეორე დღესვე სტალინმა შვებულებისთვის 500 რუბლი გამოითხოვა.

სკანდალური საქმე არ გაგრძელებულა და სტალინს მის მიმართ ინტერესი აღარ გამოუჩენია. სტალინმა ალბათ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - ზინოვიევისა და ტროცკის დისკრედიტაციას.

ამ დროისთვის სსრკ-ში პარტიული ხელმძღვანელების მომჭირნედ ცხოვრება ურყევ პოსტულატად მიიჩნეოდა. თუ მუშების მიზერულ შემოსავალს გათვალისწინებთ, ცალკეული ბოლშევიკების მიერ დასვენებასა და გართობაზე დახარჯულ ასტრონომიულ თანხებზე ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკურად მომაკვდინებელი იქნებოდა.

აი კიდევ რამდენიმე ფაქტი „ლენინის უბრალოებისა და სტალინური სიმკაცრის“ ეპოქიდან:

 

  • ამერიკელი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ცნობით, პეტროგრადში, სმოლნის ინსტიტუტში, სადაც მთავრობა იყო განთავსებული, აღმასკომის წევრებისთვის გაჩნდა განცალკევებული სასადილო, სადაც ისინი შეუზღუდავი რაოდენობით იღებდნენ პურს, კარაქს და ჩაის.
  • 1918 წელს საბჭოთა მთავრობა პეტროგრადიდან გადავიდა მოსკოვში, სადაც კრემლში მალევე გაჩნდა სპეცსასადილო. 29 მაისს სახკომსაბჭოს კანცელარიის ხელმძღვანელი კომარინცევი სასურსათო კომიტეტს სწერდა: "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს სასადილოსთვის გამოიყოს, დიდი ოდენობით ლორი, ფრინველის ხორცი, სხვადასხვაგვარი ხორცის კონსერვები და ყველი".
  • ლევ ტროცკი მოგონებებში წერს: „წითელი ხიზილალა იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, სწორედ ამ შეუცვლელი ხიზილალით არის გაფერადებული რევოლუციის პირველი წლები არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ბოლშევიკებისთვისაც“.
  • დიეტოლოგებმა ფელიქს ძერჟინსკის შეუდგინეს მენიუ, რომელშიც შედიოდა: ზუთხი, ორაგული, ცქვრინი, უხა, ინდაური ვაშლის მწნილით, შამპინიონების სუპი და საქონლის ხორცი.
  • ძერჟინსკის განკარგულებაში იყო სამი ბინა, მათგან ერთ-ერთი კრემლში და სამი აგარაკი მოსკოვის მახლობლად. 1918 წლის შვებულება ძერჟინსკიმ შვეიცარიის კურორტებზე გაატარა. ძერჟინსკი იქიდან იწერებოდა: „მჭირდება ბიბლიოთეკის კარადა, ფული არა მაქვს, ამიტომაც - ხაზინის ხარჯზე...“.
  • 1918 წლის 25 ოქტომბერს, ლენინი ნადეჟდა კრუპსკაიასა და მისი დის თანხლებით, პირველად ჩავიდა სპეციალურად მათთვის მომზადებულ აგარაკზე გორკაში. რევოლუციამდე სასახლე მოსკოვის ქალაქისთავს, რეინბოტს ეკუთვნოდა, სწორედ ეს სასახლე გახდა პირველი სახელმწიფო აგარაკი საბჭოთა კავშირში. ნადეჟდა კრუპსკაია მოგონებებში წერს: „ ამგვარ ფუფუნებაში თავს უხერხულად ვგრძნობდით და არ ვიცოდით, სად წავსულიყავით“. მაგრამ სასახლიდან გადასვლა ან მისი გაუბრალოება არცერთ მათგანს არ მოუთხოვია.
  • ლენინი სარგებლობდა კორზინკინოში მდებარე აგარაკითაც, რომელიც 100-წლიანი ალვის ხეების სიმრავლით, დიდი აივნებით და იშვიათი და მდიდრული ჩუქურთმებით გამოირჩეოდა.
  • 1919 წელს სახელმწიფო აგარაკები სხვა საბჭოთა ხელმძღვანელებსაც გადაეცათ. ანასტას მიქოიანის აგარაკს შემდეგნაირად აღწერს სტალინის შვილი, სვეტლანა ალელუევა: მარმარილოს ქანდაკებები, ძველებური ფრანგული გობელენები, სხვადასხვა ფერის ვიტრაჟები, პარკი, ბაღი, ჩოგბურთის კორტები, ორანჟერეა, სათბური, თავლა.“ თავად ალილუევა ამბობდა, რომ მამის აგარაკზე თითქმის თავადის სახლის პირობებში იზრდებოდა.
  • 1920 წლის 14 ივლისს ძალაში შევიდა სახკომსაბჭოს სასურსათო ულუფები, რომლებიც განკუთვნილი იყო „განსაკუთრებით პასუხისმგებელი და სრულიად შეუცვლელი მუშაკებისთვის“. ამ ულუფებს მოგვიანებით, „კრემლის ულუფა“ [კრემლიოვსკი პაიოკ] ეწოდა და საბჭოთა კავშირის დაშლის დღემდე იარსება. ამ ხნის განმავლობაში ულუფების შემადგენლობა არაერთხელ გამდიდრდა, დაემატა ახალი პროდუქცია და თითოეულის ნორმა გაიზარდა.
  • თავდაპირველად ულუფების მიმღებთა რიცხვი 2 ათასით განისაზღვრა, თუმცა ამავე ულუფას იღებდნენ მათი ოჯახის წევრებიც და, შესაბამისად, მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 10 ათასს შეადგენდა.
  • თითოეული ულუფა მოიცავდა 12 დასახელების პროდუქტს, მათ შორის 4 კილო ხორცსა და სოკოს ყოველთვიურად,  ასევე პაპიროსებს და ასანთს. განსაკუთრებით საყურადღებოა მარილის რაოდენობა, რომელსაც ბოლშევიკები იღებდნენ - 600 გრამი თვეში, რაც ოთხჯერ აღემატება ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას.
  • მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში საკავშირო აღმასკომის საწყობებიდან ლენინის ოჯახისთვის გამოიყო 24,5 კილო ხორცი, 60 კვერცხი, 7,2 კილო ყველი, 1,5 უმაღლესი ხარისხის კარაქი, 2 კილო შავი ხიზილალა, 4 კილო კიტრი, 30 კილო ფქვილი, 5 კილო შაქარი, 1,2 კილო ტკბილეული.
  • ცეკას კომისიამ მატვეი მურანოვის მეთაურობით 1921 წლის თებერვალში დაადგინა, რომ კრემლში მცხოვრები 58 ხელმძღვანელიდან ყველას ჰყავდა მოსამსახურე პერსონალი, ხოლო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე ციურუპა და ლუნაჩარსკი ყოველდღიურად სპეცსასადილოდან 7 სადილს იღებდნენ. კომისია გამოვიდა წინანადებით, პრივილეგიების საკითხი შესულიყო, პარტიის მეათე ყრილობის დღის წესრიგში, მაგრამ საბოლოოდ ეს საკითხი დღის წესრიგში არ შევიდა.
  • 1921 წლის 22 ივლისს ლენინმა გამოსცა განკარგულება, მოეწყოთ  სპეციალური დახლი სურსათისა და სხვა პროდუქციისათვის უცხოელებისა და კომინტერნის ჩამოსული წევრებისთვის. ასე დაიწყო საბჭოთა „ტორგსინების, ბერიოზკებისა“ და დახურული სასურსათო გამანაწილებლების ისტორია. თუ კაპიტალიზმის პირობებში ყველა ვერ ყიდულობდა ძვირად ღირებულ საქონელს, საბჭოთა კავშირში რიგით მოქალაქეებს ასეთ მაღაზიებში უბრალოდ არ უშვებდნენ;
  • 1922 წლის გაზაფხულზე, გპუ-ს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ლენინის პირად გარაჟში იდგა 6 ძვირად ღირებული ავტომობილი, მათ შორის როლს როისიც.
  • 1924 წლის 31 იანვარს, ლენინის სიკვდილის შემდეგ, ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სპეციალური დასკვნა წაიკითხა კლემენტ ვოროშილოვმა. დასკვნა ეხებოდა პარტიის ხელმძღვანელების ჯანმრთელობის მდგომარეობას. შედეგად შეიქმნა „სპეცმედიცინა“ - სამკურნალო-სანიტარიული სამმართველო, რომელიც „კრემლის მედიცინის“ სახელით არის ცნობილი.
  • 1922 წლის მაისში ლენინი სწერდა სტალინს: „ ხომ არ არის დრო, მოსკოვთან ახლოს დავაარსოთ 1-2 სანიმუშო სანატორიუმი, დავხარჯოთ ამაზე ოქროს მარაგი, რადგან ფული მაინც იხარჯება იმავე მიზნებით გერმანიაში ვიზიტებზე“.
  • „1929 წლის ივნისში გავთხოვდი. ზღაპრული, ზღაპრული ცხოვრება: ბინა მანეჟის მოედანზე, 6 ოთახი, დავდიოდით სადილების ასაღებად, რომელსაც ატარებდნენ სპეციალური ჭურჭლით, რომ არ გაცივებულიყო. სპეცსასადილო კრემლთან ახლოს იყო, მივდიოდით ჩვენი ავტომობილით, გზად მხოლოდ მწვანე შუქი გვხვდებოდა, სადილები განკუთვილი იყო ორი ადამიანისთვის, თუმცა დასანაყრებლად 9 ადამიანს ეყოფოდა, სადილებთან ერთად გვეძლეოდა ნახევარი კილო კარაქი და ნახევარი კილო შავი ხიზილალა, გასტრონომში ვიღებდით ტკბილეულს და ალკოჰოლურ სასმელებს, ცალკე გვეძლეოდა თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები“, - იხსენებდა კამენევის რძალი გალინა კრავჩენკო.
  • 1932 წლის 8 თებერვალს პოლიტბიუროს საიდუმლო დადგენილებით გაუქმდა ე.წ. ხელფასის მაქსიმუმი, რომელიც წელიწადში ანაზღაურების სახით 2700 რუბლს ითვალისწინებდა. ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ ამ მოვლენას მიიჩნევს ბოლშევიკური იდელოგიის საბოლოო კრახად.
  • მოგვიანებით დაინერგა პარტიული ნომენკლატურის წევრებისთვის დამატებითი ფულადი პრემიების გადაცემა კონვერტებით. ამგვარი პრემიები იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ბენეფიციარებს პარტიული საწევროც არ ექვითებოდათ.
  • გოლოდომორის ყველაზე მძიმე დროს, 1932 წელს, მოსკოვში „სანაპიროზე მდებარე გამანაწილებელზე მიმაგრებულ პარტიულ მუშაკებს ყოველთვიურად ეძლეოდათ: 4 კილოგრამი ხორცი, 4 კილოგრამი ძეხვი და ლორი, კილოგრამი ხიზილალა.
  • ამავე წლის სექტემბერში ცეკას პლენუმისთვის გამოთხოვილ იქნა: 10 ტონა ხორცის დელიკატესები, 4 ტონა თევზი, 600 კილოგრამი ყველი, 300 კილოგრამი ხიზილალა, სულ 93 დასახელების პროდუქცია.
  • სხვადასხვა მონაცემებით, გოლოდომორს 6-დან 7 მილიონამდე მოქალაქე ემსხვერპლა.
  • „ყველაზე ცუდი იქნება, თუ თქვენ იგრძნობთ სიბრალულს და დაკარგავთ სიმტკიცეს. თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ ჭამა, მაშინ, როდესაც ყველა ირგვლივ შიმშილით იხოცება“. - ეწერა ცეკას საიდუმლო ინსტრუქციაში. დოკუმენტი რაიკომის იმ თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც შიმშილის ზონაში მუშაობდნენ.
  • 1933 წელს სოჭში მყოფმა სტალინმა მოსკოვში გაგზავნა ტელეგრამა: „მივიჩნევთ, რომ მომავალში უნდა შეწყდეს როლს როისის მარკის ავტომობილების იმპორტი,  ამიტომაც საზღვარგარეთ უნდა შევიძინოთ 4 დახურული ტიპის 6-ადგილიანი კადელიაკის [სტილი დაცულია] სისტემის ლიმუზინი. ასევე, უნდა შევიძინოთ 1933 წელს გამოშვებული 6 ღია ტიპის პაკარდის ლიმუზინი. ავტომობილები შევიძინოთ სათადარიგო ნაწილების სრული კომპლექტით, მათ შორის უკვე არსებული როლს როისის მარკის ავტომობილებისთვის. ამ მიზნით გამოიყოს 100 ათასი რუბლი უცხოურ ვალუტაში“.
  • ლეგენდა მოგვითხრობს, რომ სტალინის საყვარელი „პაკარდი“ ფრანკლინ რუზველტის ნაჩუქარი იყო, მაგრამ, სინამდვილეში, ის შეძენილ იქნა აშშ-ში.
  • ცნობილია, რომ იოსებ სტალინი უბრალოდ იცვამდა და არ ჰქონდა ვნება ფუფუნების საგნების მიმართ. მიუხედავად ამისა, ბელადის განკარგულებაში იყო ათზე მეტი სამთავრობო აგარაკი. მართალია, უმეტეს მათგანში სტალინი არცერთხელ არ ყოფილა, მაგრამ მომსახურე პერსონალი წლების განმავლობაში თითოეულ აგარაკს ისე ინახავდა, რომ სახლები მზად იყო, ნებისმიერ წამს ბელადის მისაღებად.
  • სამხრეთში მდებარე აგარაკებზე სტალინი ორი მატარებლით მიემგზავრებოდა. ერთხელ, როდესაც კავკასიაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე თავისი საყვარელი ოთახის ჩუსტები დარჩა, ისინი მოსკოვში თვითმფრინავით გაგზავნეს.
  • „სუფრასთან მოჰქონდათ თევზი სპეციალური ტბორებიდან,  ხოხბები და ციკნები სპეციალური საშენებიდან. ბლომად იყო სპეცჩამოსხმის ქართული ღვინო, ხოლო ახალ ხილს სამხრეთიდან თვითმფრინავით ეზიდებოდნენ“ - იხსენებს სვეტლანა ალილუევა.
  • სტალინის ოფიციალური ხელფასი 10 ათას რუბლს შეადგენდა, რაც დაახლოებით 20- ჯერ აღემატებოდა ქვეყანაში საშუალო ანაზღაურებას. ხელფასის გარდა სტალინი იღებდა საავტორო ჰონორარებს წიგნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფულს ვერსად დახარჯავდა. ალილუევას ცნობით, სტალინის ერთ-ერთ აგარაკზე საწერი მაგიდის უჯრები სავსე იყო ფულიანი პაკეტებით. ბელადის სიკვდილის შემდეგ აგარაკზე 3,5 მილიონი რუბლი აღმოაჩინეს.

მასალის მომზადებისას გამოყენებულია შემდეგ ლიტერატურა:

კომენტარები