ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 პირის ინფიცირების წყარო სოფელი ლენჯერია.

ეზუგბაიას ცნობით, 11 ახალი ინფიცირებული უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ორი შემოტანილი შემთხვევაა – ინფიცირებულები სატვირთოს მძღოლები არიან და ერთიც სამედიცინო პერსონალია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში არსებულ კოვიდცენტრებში ვირუსულ ინფექციას 204 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 პირის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ხოლო 17 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

14 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი განიკურნა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19 სულ 1 306 პირს დაუდასტურდა, აქედან 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში 7 635 იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები