კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვირუსზე დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მდგომარეობა კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სვანეთის ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსზე დადებითობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ამჟამად მდგომარეობა კონტროლირებადია.

"მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში ამჟამად მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური PCR ტესტირება. გუშინწინ და გუშინ ერთობლივად აღებულია დაახლოებით 1400-მდე ნიმუში. აქედან 450 ნიმუშის კვლევა დამთავრებულია. ამ 450 ნიმუშში გვაქვს 30 დადებითობის მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალია პროცენტი. ეს ოცდაათივე შემთხვევა დაკავშირებულია ლენჯერის თემთან". – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულისლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარისწვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები