კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: თუ მესტიის სიტუაცია რამდენიმე ადგილას იქნება, ვირუსის შეკავება შეუძლებელი გახდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის მომატებული შემთხვევები მესტიის მსგავსად საქართველოს სხვა წერტილებშიც გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. 

მისი თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მოსახლეობამ კვლავ დაიცვას გარკვეული წესები, როგორიცაა დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. 

"მინდა ყველამ იცოდეთ, რომ თუ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტომ რომ არცერთი რესურსი არ ეყოფა, რომ აი, ესე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში არ ჩანს ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება. იქ ვითარება გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ვერ ვიტყვი მესტიაზე, იმიტომ რომ ეს 1000 სინჯი, რომელიც გუშინ არის აღებული გვაჩვენებს რეალურად რა სიტუაციაა მესტიის მუნიციპალიტეტში". – ამბობს იმნაძე. 

იმნაძემ სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს მოუწოდა, დაიცვან წესები კლიენტებთან ურთიერთობისას და მათაც მოუწოდონ პრევენციის მიზნით წესების დაცვისკენ. 

"ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, განსაკუთრებით მოვუწოდებ იმათ, ვისი ბიზნესებიც მუშაობს ახლა, ეს არის სასტუმროები, რესტორნები, ყველამ მაქსიმალურად დაიცვას ყველა წესი თავის კლიენტებთან ურთიერთობაში და მოსთხოვოს მათაც დაიცვან წესები, ამაზე იქნება დამოკიდებული რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში". – ამბობს იმნაძე. 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები