თბილისის მერია

მერიამ თბილისის დენდროპარკის რეაბილიტაციისთვის 830 500-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის დენდროლოგიური პარკი.

თბილისის მერიამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის ღირებულებად 830 500 ლარი არის განსაზღვრული. დაფინანსების წყარო თბილისის მერია იქნება, რომელიც 2020 წელს თანხის 30%-ს, ხოლო 2021 წელს თანხის 70%-ს დახარჯავს.

"ტექნიკური დავალების მიზანია თბილისის დენდროლოგიური პარკის განვითარების საუკეთესო სცენარის გამოვლენა და ხედვით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების განხორციელების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

ტერიტორიის განვითარებისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შესაბამისი მშენებლობის ორგანიზაციის და რეგულირების საკითხების გადაწყვეტა;

ტერიტორიის თემატური განვითარების გეგმების ინტეგრაცია სივრცით ტერიტორიული განვითარების ძირითად მიმართულებებთან და შესაბამისად ასახვა გენერალურ გეგმაში." – წერია დოკუმენტაციაში.

თბილისის დენდროლოგიური პარკის საერთო ფართობი 163 ჰა-ს შეადგენს, აქედან ტყით დაფარულია 93.3 ჰა.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება ხვალ, 12 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები