გიორგი შაქარაშვილის საქმე

დღეს, 5 აგვისტოს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება

დღეს მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა მეორე წინასასამართლო პროცესი გაიმართება. ცნობილია, რომ სასამართლო დღეს მხარეების შუამდგომლობებზე და საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვანი ექვსია.

ადვოკატ ზაქრო გვიშიანის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოსგან ელოდება პასუხს იმ შუამდგომლობებზე, რომლებიც  მხარეთა მტკიცებულების დასაშვებობასა და წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობას შეეხებოდა.

დაცვის მხარე ასევე ითხოვს ქათამაძის, ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებებად მიჩნევას, ვინაიდან, მათი თქმით, ამ მოწმეებმა გამოძიების მიმდინარეობისას ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.

ახვლედიანის ადვოკატის, კახა წერეთლის თქმით, ახვლედიანის ჩვენებაში არანაირი არსებითი წინააღმდეგობა არ არის და დაცვის მხარის ეს უკმაყოფილება მისთვის გასაკვირი არ არის.

"ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ ბრალდებულის ადვოკატი უკმაყოფილი იყოს დაზარალებულის ჩვენებით. რაც შეეხება წინააღმდეგობებს, არანაირი არსებითი წინააღმდეგობა არ არის ახვლედიანის ჩვენებებში. მან უბრალოდ დააზუსტა გარემოებები". – ამბობს კახა წერეთელი.

31 ივლისს გამართულ წინასასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა. მცხეთის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ცალკე გამოყო და წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადაწევა მოითხოვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

27 ივლისის პროცესზე სასამართლომ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე კი წინასასამართლო სხდომა დღეს ტარდება. შუამდგომლობების დაყენების შემდეგ მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები