საბჭოთა რეპრესიები

ჩეკას ყოფილ სახლთან 1924 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილების გვარები წაიკითხეს

ტაბულა

გუშინ, 30 ივლისს, საქართველოს სსრ ჩეკას ყოფილ სახლთან, რომელიც თბილისში, ინგოროყვას 22 ნომერში 1921 წლიდან ფუნქციონირებდა, 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ თბილისში დახვრეტილთა სახელები წაიკითხეს. ღონისძიება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა.

"შენობის მთელი პირველი სართული არის საპატიმრო და საკომენდანტო სივრცე, რომელიც გაიარა ათასობით ადამიანმა. ბევრი მათგანის სიცოცხლე აქვე დასრულდა, ამ სარდაფებში. ეს არის ცნობილი, როგორც საქართველოს გოლგოთა - მაშინ ამ ადგილს ასე მოიხსენიებდა წინააღმდეგობის მოძრაობა და ის მოქალაქეები, რომლების საბჭოთა რეჟიმს ებრძოდნენ". - თქვა სოვლაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ხვადაგიანმა.

30 ივლისი საბჭოთა მასობრივი ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. 1937 წლის ამ დღეს გამოიცა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანება N00447, რის შემდეგაც ათასობით ადამიანი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლს პატივი პირველად შარშან, 2019 წლის 30 ივლისს მიაგეს. ჩეკას სახლთან შეკრებილებმა მაშინ 1937-1938 წლებში დახვრეტილები და გადასახლებულები გაიხსენეს.

წლევანდელი ღონისძიება 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს უშუალოდ თბილისში დახვრეტილ ადამიანებს მიეძღვნა - წაიკითხეს 251 ადამიანის სახელი, გვარი და მათ შესახებ მცირე დამატებითი ინფორმაცია.

"1924 წლის აგვისტოს აჯანყება არის ძალიან ტრაგიკული და გარდამტეხი ფაზა საბჭოთა საოკუპაციო პირველი ათწლეულისთვის. დიდი ტერორისგან განსხვავებით, საზოგადოების დიდ ნაწილს მის რეალურ მასშტაბზე თითქმის არა აქვს ინფორმაცია.

იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვის სახელებსაც წავიკითხავთ, დიდი ხნის განმავლობაში იყო პოლიტიკური პატიმარი. მათი უდიდესი ნაწილი მეტეხის ციხეში იჯდა. ასევე, ნაწილი იჯდა ორთაჭალის საგუბერნიო ციხეში და უშუალოდ ჩეკას იზოლატორებში. აჯანყების დამარცხების შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობისთვის გახდა მარტივი, მათზე ინფორმაცია აღენუსხათ და საიდუმლოდ გაეგზავნათ ეს სიები საზღვარგარეთ, რომ, როგორც მაშინ იტყოდნენ, განათლებულ კაცობრიობას საკუთარი თვალით ენახა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულის მასშტაბი.

აქ არ არის იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც უშუალოდ აჯანყების დროს დააპატიმრეს და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურის გარეშე გაუსწორეს ანგარიში. მათი რიცხვი არანაკლები იყო, ვიდრე აქ მოყვანილი ციფრები და სახელები და გვარებია ამ ადამიანების. უბრალოდ, ჯერ მათ შესახებ არ ვიცით, ვინაიდან აჯანყების შემდეგ, როცა რეჟიმს დასჭირდა გარკვეულწილად თავის მართლება, მათ სცადეს, დახვრეტილები აღენუსხათ, თუმცა, ვერ მოახერხეს, ვინაიდან თვითონაც აჯანყების დღეებში, ტოტალიტარული ანგარიშსწორების დროს თავს არავინ იწუხებდა დოკუმენტაციის შედგენით. ამიტომ ათეულობით და ასეულობით ადამიანის, მსხვერპლის სახელები უცნობი რჩება. იმედი გვაქვს, არქივების გახსნის შემდეგ ამ მონაცემების დაზუსტება მოხდება, ასევე, ყველა რეგიონის და მაზრის მონაცემები დაზუსტდება". - თქვა ირაკლი ხვადაგიანმა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მიიჩნევს, რომ 30 ივლისი საბჭოთა მასობრივი ტერორის გახსენებისათვის სიმბოლური თარიღია და მსგავსი ღონისძიებებიც სწორედ ამიტომ ტარდება.

"საქართველოში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სამწუხაროდ, ვერ დამკვიდრდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა გახსენების სამოქალაქო დღე და ადგილი, რაც მეხსიერების კულტურის სისუსტეს და ტოტალიტარიზმის გააზრების პროცესის ჩავარდნაზეც მეტყველებს. სახელმწიფომ ვერ მოახერხა ხსოვნის ადგილების მემორიალიზაცია და სათანადო სივრცეების შექმნა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოქმედების დროა - ეს სიცარიელე დღეს საზოგადოებამ უნდა შეავსოს და პრეცედენტები შექმნას". - ასეთია ორგანიზაციის პოზიცია.

კომენტარები