არჩევნები 2020

ჯაფარიძე, საბო, მეგრელიშვილი, ხვიჩია, ლომინაძე - გირჩმა საარჩევნო სიის ათეული წარადგინა

გირჩი

პოლიტიკურმა მოძრაობა გირჩმა საპარლამენტო საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა. გადაწყვეტილება პრაიმერიზის მეშვეობით მიიღეს.

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  2. ჰერმან საბო
  3. იაგო ხვიჩია
  4. ვახტანგ მეგრელიშვილი
  5. გია ჯაფარიძე
  6. ალექსანდრე რაქვიაშვილი
  7. ლევან ჯგერენაია
  8. სანდრო თარხან-მოურავი
  9. ამირან ტორონჯაძე
  10. გიორგი ლომინაძე

კითხვაზე, რატომ არ არიან სიაში ქალები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პასუხობს - "ქალები არიან სიაში... სადღაც ქვემოთ არიან ქალები". მისი თქმით, იცის, რომ ახალი კანონი პარტიებს ავალდებულებს, სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის, "მაგრამ ჩვენს სიას არ ადგენს არც ერთი ცალკე აღებული ადამიანი, ამ პარტიაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი".

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პარტია ფორმალურად მაინც დააკმაყოფილებს კანონმდებლობას და ჩაწერს განსხვავებულ სქესს.

"მაგრამ სია არის ის, რაც გადაწყვიტეს გირჩის წევრებმა... ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი იდიოტური კანონი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა დაემორჩილო", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

პარტიაში აცხადებენ, რომ გენდერული კვოტირების რეგულაციისთვის გზის ავლის მეთოდზე დეტალურად უახლოეს მომავალში, საბოლოო სიის წარდგენისას იტყვიან.

გირჩის ცნობით, მათ საარჩევნო სიას მხარდამჭერები აკომპლექტებენ პარტიის ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით. 

"ახალი GeD გირჩის პორტალზე ან ფულადი შემოწირულობისას იქმნება, ან პარტიისთვის გაწეული დახმარებისა თუ გაკეთებული საქმის შესაბამისად გაიცემა. ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი “წონა” აქვს მის ხმას. ასე რომ, გირჩის პარტიული სიის შედგენა მერიტოკრატიულ პრინციპებზე დგას" - აცხადებენ პარტიაში. 

განახლება: სიის წარდგენიდან რამდენიმე საათში გირჩმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 30 ივლისს წარდგენილი საარჩევნო სიის პირველი ათეული რეალურისგან განსხვავდება. პარტიის განმარტებით, პრობლემა სერვერს შეექმნა, რის გამოც, პოლიტიკოსების რეიტინგის შედგენისას, ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების გარკვეული რაოდენობა დროულად არ აისახა. გირჩმა ხმის მიცემის პროცესი ისევ ჩართო და სიის ათეულს 31 ივლისს გამოავლენს.

კომენტარები