გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვნის საქმე ცალკე გამოყო

გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ცალკე გამოყო.

უწყების განმარტებით, უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან.

პროკურატურის ცნობით, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 11 სრულწლოვანი პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა.

ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე, არსებითი განხილვის მიზნით, უკვე წარმართულია სასამართლოში.

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინაც მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, 11 არასრულწლოვნის მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გადაიწიოს, რადგან ეს დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად არის საჭირო. 27 ივლისის სხდომაზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

6 არასრულწლოვნის საქმის პირველი პროცესი იმავე სასამართლოში 31 ივლისს გაიმართება.

კომენტარები