გამყრელიძე: ვფიქრობთ, PCR კვლევები ყველა ბაზრობაზე ჩავატაროთ

იმედი

"ყველაზე დიდ ბაზრობაში, ლილოში, მიმდინარეობს იტენსიური PCR კვლევები და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე". – ამბობს დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის ცნობით, ბაზრობები ერთერთი ყველაზე მომატებული რისკის ზონებია ინფექციის გავრცელების კუთხით. ამ დროისთვის, ახალ კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს.

3 დღის განმავლობაში, გამყრელიძის თქმით, ლილოს ბაზრობაზე მომუშავე 1 415 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან, პირველ დღეს, 4 შემთხვევა დადასტურდა, შემდეგ კი ერთი.

"სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების [...] 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა კიდევ განმეორებით და დღეს კიდევ დაახლოებით 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი, ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, სადაც, როგორც გითხარით მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დღეს, 27 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 ადამიანი. სულ კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 922 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

საქართველოში არსებულ კოვიდცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები