ფრენების აღდგენა

კანდელაკი: თურნავამ დაადასტურა, რომ Ryanair და Wizz Air არჩევნებამდე ვერ იფრენენ

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დღეს, 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე რეგულარული ფრენების აღდგენის გადადების შესახებ ილაპარაკა.

"ტურიზმი პანდემიამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლომდე ჩარაზვის გადაწყვეტილება ათეულ ათასობით ადამიანს ტოვებს ყოველგვარი თეორიული შანსის გარეშეც კი, რომ მათ მიიღონ თუნდაც სიმბოლური შემოსავალი". - ამბობს გიორგი კანდელაკი.

ის არამეცნიერულს უწოდებს მთავრობის მიდგომას, არ აღადგინოს რეგულარული ფრენები უსაფრთხო ქვეყნებთან და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს აუცილებელი კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"პირველ რიგში, ეს არის არამეცნიერული მიდგომა, იმიტომ, რომ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში დღეები გადის ისე, რომ არცერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსის არ გამოვლინდება ხოლმე".

ევროპული საქართველოს დეპუტატი გამოეხმაურა იმ ცნობასაც, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, Ryanair და Wizz Air ჯერჯერობით ფრენებს არ აღადგენენ.

"გუშინ ქალბატონმა თურნავამ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით ამდენი ხანი, რომ Ryanair-ს და Wizz Air-ს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ფრენებზე არჩევნებამდე". - აცხადებს კანდელაკი.

მისი თქმით, სწორედ ამას მოწმობს Ryanair-ის მიერ ქართველი მომხმარებლებისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია საქართველოდან აგვისტოს ფრენის ბილეთებს აუქმებს.

იმის შესახებ, რომ მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს არჩევნებამდე არ მისცემდა ფრენის უფლებას, კანდელაკი 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ლაპარაკობდა.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო, მაგრამ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტი მიმართულებით სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის.

კომენტარები